კვირას აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში მოეწყო მწერალ აქრამ აილისლის წიგნების საჯარო დაწვა. მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც თავს „ადგილობრივ ინტელიგენციას“ უწოდებდა, ასე გამოეხმაურა ჟურნალ „დრუჟბა ნაროდოვში“ აილისლის ახალი რომანის, „ქვის სიზმრების“ გამოქვეყნებას. ამ ნაწარმოებში არის სცენები, რომლებიც ასახავს აზერბაიჯანელი და თურქი ჯარისკაცების მიერ 1919 წელს სომხების დახოცვას, აგრეთვე სომხების მიმართ ძალადობას ბაქოსა და სუმგაითში. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტს, წიგნების დაწვით მას და მის თანამოაზრეებს სურდათ, გამოეხატათ გულისწყრომა და აღშფოთება იმ ადამიანის მოქმედების გამო, ვინც „საკუთარ ხალხს უღალატა“. რომანის გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 75 წლის აილისლის ჩამოერთვა „სახალხო მწერლის“ წოდება და მოეხსნა „საპრეზიდენტო პენსია“. გარდა ამისა, სამსახურიდან გაათავისუფლეს მწერლის მეუღლე და ვაჟი.